პოლიციამ 350-მდე პირი დააკავა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია დაახლოებით 350 პირი.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

“გირჩი-დროას” ოფისთან, ჩხრეკის დროს პოლიციამ ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავა.

გვარამია, როგორც იურისტი, ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელებთან შელაპარაკება.

გვარამია პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავეს. გვარამიას შემდეგ, იმავე ოფისთან დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია გელა ხასაიას ადგილსამყოფელი.

4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკის) ჩატარების მიზნით შევიდნენ პოლიტიკური პარტიების – „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ – ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში.

კრიმინალური პოლიციის დირექტორის თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე 7 პირი [1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ.] დააკავეს. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კუპატაძე ირწმუნება, რომ “გადაუდებელი აუცილებლობიდან” გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.

მსივე თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში”.

“სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, – თქვა მან.

კუპატაძის ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი