წყნეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, თვითმხილველი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც პოლიცია ადგილზე ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით იყო მისული, ახალგაზრდა კაცმა ნარკოტიკული საშუალება პირში ჩაიდო პოლიციას, რომ არ დაენახა.
მისივე თქმითვე, მამაკაცს სამართალდამცველმა შემოწმება დაუწყო, რა დროსაც იარაღი გაუვარდა. როგორც ადგლობრივი ამბობს, თავად გარდაცვლილს იარაღი არ ჰქონია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ წყნეთში 30 წლის მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი.
საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, წყნეთში, ლ.გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.