პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის მიხედვით, “აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ პროგრამით, რომელიც ერთ ლარად გარკვეული მედიკამენტების შეძენას გულისხმობს”.
„ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება. დღეს არის მართლაც განსაკუთრებული დღე ამ თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მე მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ სიმბოლურად ერთ ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები. ჩვენი პროგრამა მოიცავს ყველაზე უფრო გავრცელებულ დაავადებებს, როგორებიცაა გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავდებები. ჩვენ უკვე ორი წელია, რაც ავამოქმედეთ ქრონიკული დაავადებების ეს პროგრამა და დაახლოებით 60 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ პროგრამით, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ იყო საკმარისი, აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ჩვენი პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენი მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით. აქვე მსურს, ყველას შეგპირდეთ, რომ აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ეს სიაც გაფართოვდება. ეს არის პრიორიტეტული დავალება, რომელიც არის მიცემული ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ უკვე დღეიდან, საქართველოს მთელი მასშტაბითაა ამოქმედებული აღნიშნული პროგრამა და ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქში შეიძინონ აღნიშნული პრეპერატები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ სისტემური მოგვარება იმ პრობლემების, რომლებიც არის ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ეკონომიკაში. მე პირადად ამ პრობლემას განვიხილავ სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ ნაბიჯადაც, ვინაიდან ბოლო კვლევების თანახმად, ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის დიდი ნაწილი მიდის მედიკამენტებისა და წამლების შეძენაში. ეს ასე არ გაგრძელდება, ჩვენ ამ პროგრამით და იმ ნაბიჯებით, რომლებიც გადაიდგმება, თამამად შევძლებთ განვაცხადოთ, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეძენის ხარჯი ფაქტობრივად იქნება მინიმალური“,- განაცხადა ბახტაძემ.