საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება და რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგებს და შედეგები ხელისუფლებამ დადო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ეს ანგარიშშიც მკაფიოდ წერია.
მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე “რადიკალურ” ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია. მისი თქმით, თუკი რომელიმე ხელისუფალმა ამისთვის რაიმე გააკეთა, ეს “ქართული ოცნებაა”.
“ჩემთვის გასაგებია აბსოლუტურად ის მოტივაცია, რომელიც გააჩნია ოპოზიციას და აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის “ქართული ოცნების” ხელისუფლება. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, რომ ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს “ქართული ოცნების” პირობებში, რა თქმა უნდა, დავასრულეთ უვიზო რეჟიმზე მუშაობა და მივიღეთ უვიზო რეჟიმი, შარშან მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და როგორც დღეს ვნახეთ ისტორიული გადაწყვეტილება, სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ანგარიშში როგორც წერია, იქ ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ წერია, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს და შედეგები დადო ხელისუფლებამ, მთავრობამ, იმ ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის, ამომრჩევლის მიერ. ასე, რომ ეს სპეკულაცია, რომ ეს მხოლოდ ხალხის ნების გამოხატულების გამო იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის გადაჭარბებული, მცდარი, ეს არის ჩვენს მიერ მიღწეული შედეგის აღიარება და დაფასება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.