პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს და გაკეთებულს განცხადებებს ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობად აფასებს.
კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, “რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა”.
“ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არც ერთ ჩვენგანს, პირადად მე, ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში გეგმავს ჩასვლას. მანამდე სოხუმს სხვა რუსი მაღალჩინოსნებიც სტუმრობდნენ.