ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი – პრეზიდენი

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს.

„ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი. დღეს, ხვალ და ზეგ ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს. არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება. აქ მთავარია, ვიცოდეთ, რა გვინდა, გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს არჩევანია ან დამოუკიდებლობა, ან დამონება. ან ევროპა, ან რუსეთი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, „თავისუფლების მარში“ გაიმართა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის მიმართულებით გაემართნენ სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”, “საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!”, “ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“.

„თავისუფლების მარშზე“ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მარშზე მისულ ადამიანებს ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე, 9 აპრილის ნიშნად მონაწილეებს გვირილები და ტიტები დაურიგეს.

ცნობისთვის, პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი