აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია – პრეზიდენტი

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემთხვევა, რადგან კარგად ჩანს, რომ რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში შესვლის შეჩერებასა და მის ევროპაში დამკვიდრების ხელშეშლას გულისხმობს.

„გასაოცარი არ არის ეს [გამოსვლები], რადგან ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და როგორც ევროპელი ლიდერები გვპირდებიან, თუ დავაკმაყოფილებთ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, წლის ბოლოს გვექნება საშუალება დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. და სწორედ ამ დროს არის მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ყველაზე აშკარაა ეს რუსული კანონი, ეს კანონი, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია, რომელიც პირდაპირ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოში და ქვეყანას წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში, კულტურის, განათლების სფეროებში ეხმარებიან. ეს ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ევროპელების და ამერიკელების ყურადღებას და მხარდაჭერას იღებდა. ესაა მიზანში ამოღებული და გასაკვირი არ არის, რომ ერთი მხრივ, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, და ამის საპირისპიროდ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები აპროტესტებენ და შეშფოთებული არიან ამ კანონის მიღების პროცესით. თუ ეს ვინმეს ინტერესებს ემთხვევა, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებია. რუსეთი ხედავს, რომ კავკასია ხელიდან ეცლება – დღეს საქართველო, და სომხეთი, უფრო და უფრო მეტად, რომელიც ევროპისკენ იყურება. რუსეთს სურს სრული კონტროლი ჰქონდეს შავ ზღვაზე, უკრაინაზე, ჩვენს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მას სურს ახალი სამხედრო პორტის გახსნა შავ ზღვაზე. კარგად ჩანს, რომ რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში შესვლის შეჩერებასა და მის ევროპაში დამკვიდრების ხელშეშლას გულისხმობს, რისი წყალობითაც ქვეყანას ექნებოდა უსაფრთხოება, რომელსაც დემოკრატიული თანამეგობრობის წევრობა მოუტანდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, სადაც დაისმება კითხვა ევროპა ან რუსეთი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება, თუმცა ქართველმა ხალხმა და ახალგაზრდობამ იცის, საით უნდა წავიდეს.

„ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, რომელიც ნამდვილი პასუხი იქნება იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სადაც დაისმება კითხვა ევროპა, ან რუსეთი და ამ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა შეძლებს გააკეთოს არჩევანი იმაზე, თუ რომელ მხარეს სურს წასვლა. ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება, ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, რადგან ჩვენ მუდმივად გადამწყვეტი მომენტები გვაქვს. ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ მოსახლეობამ, ქართველმა ახალგაზრდობამ იცის თუ საით მიდის და იცის საით უნდა წასვლა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი