პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ გაათავისუფლა

გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელიც დღეს მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულ 11 პირს შორის იყო, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა.

ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შენობაში გაჩხრიკეს, თუმცა მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა.

„მითხრეს, რომ დაკავებული არ ვარ. მოყვანილი ვიყავი გამოკითხვაზე. ჩაატარეს ჩემი პირადი ჩხრეკა დეტალურად. ტანსაცმლის ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმეს, მათ შორის ფეხსაცმელი და წინდებიც კი. არაფერი მქონდა. ვუთხარი, რომ რაც მქონდა, ყველაფერი დავარიგე. შემდეგ იყო გამოკითხვა, საკმაოდ ვრცელი, რამდენიმე გვერდიანი, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამომკითხეს დეტალებში ფესტივალთან დაკავშირებით, როგორ დავაორგანიზე, რას ვაპირებდი, რა გავაკეთე, „ჯოინთი“ რას ნიშნავს და ასე შემდეგ.

საბოლოო ჯამში, ეს გამოკითხვა იმით დასრულდა, რომ მითხრეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრულიო“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ემუქრება თუ არა საფრთხე მის საპრეზიდენტო კანდიდატობას.

„წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა გამოკითხვის დროს მესმოდა, ვიღაცები იძახდნენ, ცესკო-ს შევატყობინოთო. რას ნიშნავს, არ ვიცი“, – განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

ცოტა ხნის წინ პოლიციის შენობა დატოვეს სხვა დაკავებულებმაც: იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ, ზურა მეგრელიშვილმა, თორნიკე გორგოძემ, ტორესა მოსმა, ნიკა ქავთარაძემ.

მათი თქმით, სამართალდამცველებმა ისინი გაჩხრიკეს და კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოუჩინეს. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებულს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ.

„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

დატოვე კომენტარი