საუბარი, თითქოს რომელიმე ბიზნესმენთან იარაღით მიდიან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, არის ძალიან მძიმე ბრალდება და როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი უნდა აგო, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის მიერ „ფრესკოს“ დამფუძნებლის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ბიზსნესმენს, თუ მას საკუთარი ნათქვამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები აქვს, საზოგადოებას და საგამოძიებო ორგანოებს წარუდგინოს.
„ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ თითოეულ ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. იმ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც აქვს ქვეყანას, განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული მეწარმე, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის ჩვენი მიდგომა და ფილოსოფია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, ვინც მოითხოვს გამოძიების უმოკლეს ვადაში დასრულებას. შემიძლია ამაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღო. რაც შეეხება განცხადებებს ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ხშირად დამახინჯებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ფაქტებს. საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატებაა, რომ საქართველოს მოიაზრებენ მსოფლიო ლიდერად ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით და ჩვენი ქვეყანა „doing business”-ში მე-6 ადგილზეა. ბევრი სხვა რეიტინგის დასახელება შემიძლია, რომელიც ეფუძნება ობიექტურ კვლევებსა და გარემოებებს. ამ რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ჩვენთვის მექანიზმი, დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები და იმიტომაც, რომ ეს რეიტინგები დგება ობიექტური კრიტერიუმებით და არა ცალკეული პირების ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლო განცხადებებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოს” დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძე “ფეისბუქით” ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიებიდან პროდუქციას იპარავენ და იარაღს “ატრიალებენ”.