პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

გარდა ამისა, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულებით 3 წლის განმავლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ჩატარებული პრეზენტაციისას გახდა ცნობილი, პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო, სამწლიანი, ფაზის პერიოდში გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის.

“ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით. ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ასევე ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას”, – აღინიშნა პრეზენტაციაზე.

სამინისტროს ცნობით, 2021 წელს, პროფესიულ სასწავლებლებში, სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება გაძლიერდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი