საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა, რაც მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზის გადაგზავნას გულისხმობს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ”, – ამბობენ უწყებაში.
პროკურატურის ცნობით, პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია.
“უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება. სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე მალხაზ ბიგვავას მიწის ნაკვეთი ფართობით 2 035 კვ.მ”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
გამოძიებით ასევე დადასტურდა ავტომანქანების სახელმწიფოსთვის იძულებით გადაცემის ფაქტიც.
პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულები უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას დაიბრუნებენ, ხოლო ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯება.