ქალაქ ზუგდიდის გერბი და დროშა დამტკიცდა

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა დაამტკიცა.

ქალაქის გერბის აღწერილობაა, გერბის ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი – ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.

ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. გერბის ფარს გარს არტყია შესამკობელი – ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი “ზუგდიდი.” სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.

ქალაქის დროშის აღწერილობა კი – დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის, ლაჟვარდისფერ ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით – ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. დროშის პროპორციაა 2:3

კომენტარები

დატოვე კომენტარი