ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ცემეს. როგორც ერთ-ერთი თვითმხილვევლი მერი შენგელაია განმარტავს, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები სოფელ დიდინეძში წინასარჩევნო ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც მათ თავს რამდენიმე შუახნის მამაკაცმაკაცი დაესხა და ახალგაზრდები უმოწყალოდ სცემეს. შენგელაიას განმარტებით თავდამსხმელები ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ.
„ასე თქვეს ამამაღამ პატრონი არ ყავთ ამათო და უმოწყალოდ სცემდნენ ყველას, როცა ახალგაზრდული ერთ-ერთი წევრი ლიკა დემეტრაძე ჩვენს ბიჭებს გამესარჩლა, მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოძალადეებთან ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან კახა ქირია, ვერ გეტყვით ის ფიზიკურად შეეხო თუ არა ჩვენს ახალგაზრდებს, თუმცა ის იქ იმყოფებოდა“ – განმარტავს შენგელაია.
ლიკა დემეტრაძე უგონო მდგომარეობაში ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ წუთებში უცნობია მას ექიმები იკვლევენ. ამ წუთებში საავადმყოფოს ეზოში, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. საავადმყოფოში მივიდა და დაშავებულთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.