“ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატის მამა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, “გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის  და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500  აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი  განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის  მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების  ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია”.

“გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  11-დან 15 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი