ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე 0%-იანი განაკვეთით შევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ჩინეთს შორის მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო განაკვეთის გარეშე.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები ჩინეთთან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა და საქართველოს გაეხსნა 1.4 მილიარდიანი მომხმარებლის ბაზარი.

პრემიერის განმარტებით, წელს თუ 2.5 მილიარდი ბოთლი ღვინის ექსპორტს გეგმავდა საქართველო, 8 თვის მონაცემებით, ეს რიცხვი 3.5 მილიარდ ბოთლს აჭარბებს.

„ჩინეთთან 7 თვეში, უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი. ეს არის 1.4 მილიარდიანი მომხმარებლის ბაზარი და გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო განაკვეთების გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2.5 მილიონი ბოთლის გაყიდვას ჩინეთის ბაზარზე. 8 თვის მონაცემებით, უკვე 3.5 მილიონი ბოთლია გაყიდული. ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობთ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის, ბევრი სხვა სასაქონლო დასახელების მიმართულებით. ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვფიქრობთ, აბრეშუმის გზის განვითარებისთვის ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი