27 ნოემბერს, „სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გაიყიდება. ნახატის სავარაუდო ფასი 500 000-დან 700 000-მდე გირვანქა სტერლინგია.
“სოთბი”-ს აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, ასევე აღნიშნულია, რომ ფიროსმანის ნახატი 1928 წელს მოსკოვში ყოფნისას ცნობილმა ავსტრიელმა მწერალმა შტეფან ცვაიგმა შეიძინა. 1942 წელს ცვაიგის გარდაცვალების შემდეგ ნახატი მისი პირველი მეუღლის ფრიდერიკე მარია ცვაიგის მფლობელობაში აღმოჩნდა, რომელმაც ის 1953 წელს მეგობარს, ჰარი ცონს აჩუქა.
1981 წელს ცონმა „ქართველი ქალი ლეჩაქით“ ნიუ-იორკში მდებარე ფრედონიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში არსებულ ცვაიგის მუზეუმს აჩუქა, სადაც ის ამ დრომდე ინახებოდა.