ქვეყანაში შემოვიდა როგორც კურდღელი – წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუშინ სამართალდამცავების მიერ თავიდან იქნა აცილებული გადატრიალება და პროვოკაცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა. 

“გუშინ ჩვენი სამართალდამცველების მიერ თავიდან იქნა აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოვიდა ქვეყნის გადასატრიალებლად, არეულობის მოსაწყობად და რაც მთავარია ის ქვეყანაში შემოვიდა როგორც მას სჩვევია, როგორც კურდღელი. ის იქნა დაკავებული, იმყოფება N12 დაწესებულებაში, სადაც რა თქმა უნდა მისი უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლებები იქნება დაცული”, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა ედება ბრალად.

ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია სააკაშილმა თავად გაავრცელა. თავდაპირველად ქართული მხარე მის საქართველოში ყოფნას არ ადასტურებდა, თუმცა მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი