“ქართული ოცნების” ზუგდიდის ცენტრალური შტაბის უფროსი ლაშა გვასალია სოფელ დიდინეძში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა, თუმცა გვასალია დაპირისპირების მონაწილე მხარე არ ყოფილა.
გვასალიას სამმართველოში შესვლის მიზეზებით უწყებასთან შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაინტერესდნენ და პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ სამმართველოში მმართველი პარტიის შტაბის უფროსი შეუშვეს, დაკითხვაზე მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” დიდინეძის შტაბის უფროსის და მისი მეზობლის ადვოკატი კი არა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი დაკითხვაზე ე.წ. კომბინატის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი, ლაშა გვასალიამ კი განმარტა, რომ სამმართველოში “სხვა საქმეზე იმყოფებოდა”.
“სხვა საქმეზე ვიყავი. დღეს მოხდა ასევე სხვა რაღაც, სხვა პრობლემა იყო, ამ თემას არ ეხებოდა ჩემი მისვლა სამმართველოში”, – აღნიშნა გვასალიამ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.