რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება დემოკრატიული“ საქართველოს აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს.

„არჩევნებამდე რჩება სამი დღე და ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემები. ამ ფონზე, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და აქვს ერთადერთი საზრუნავი, თუ როგორ შეუძლიათ ჩრდილი მიაყენონ კარს მომდგარ არჩევნებს. გუშინ ჩვენ ვამხილეთ რადიკალური ოპოზიციის ყალბი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა რეალური ამოცანა სწორედ არჩევნების შედეგებისადმი თუნდაც მინიმალური უნდობლობის გაჩენაა. ბუნებრივია, მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, რასაც გუშინდელი მხილებაც შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გასული კვირების მანძილზე საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში. თუმცა, ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ძალისხმევით მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

მანვე მოუწოდა პარტიის აქტივისტებს და მხარდამჭერებს არ აყვნენ ოპოზიციის პროვოკაციებს.

„ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის – “აიპიემისთვის” დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა – პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ. და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხები – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება! ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს! ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კვლევითი კომპანიები ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები.

“აიპიემის” წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ ფავორიტ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არა აქვთ. ამ მათთვის სამწუხარო ფაქტის გამო, მათ საერთოდ დაკარგეს სახე და იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც პოლიტიკური რეიტინგების კვლევის გარდა, დაკავებულია მედიის რეიტინგების გაზომვით, მედიის წარმომადგენელი უშვერი სიტყვებით გალანძღა და არაეთიკური ტერმინებით დაუწყო საქმის გარჩევა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი