პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებას გამოეხმაურა და არნიშნა, რომ საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, თითქოს ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მხრიდანაა დაგეგმილი.
„ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს: განსხვავებული შეხედულებები იყო იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური დისკურსის რიტორიკა. შესაბამისად, ამან განაპირობა გადაწყვეტილება, რაც ჩვენმა სამმა კოლეგამ მიიღო. „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა, მომავალში პოლიტიკა ამ რიტორიკით წარემართა. უსაფუძვლოა ოპოზიციის თავდასხმა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის დესტრუქციული მოტივებით განხორციელებული ნაბიჯი. პასუხისმგებლობის მოხსნა-არმოხსნაზე არ არის საუბარი, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. როცა გარკვეული ბოჭვა არსებობს პარტიულ დისციპლინასთან და ვერ ხდება ამის დაბალანსება, შესაძლოა გარკვეულ ადამიანებს პოზიცია ჰქონდეთ, რომ უპირატესობა მეტ თავისუფლებას მიენიჭოს. ამას ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს. უსაფუძვლო დასკვნებია, თითქოს ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მხრიდან დაგეგმილია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ. „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თანაგუნდელებთან ღირებულებითი კონფლიქტი არ აქვთ, თუმცა, უმრავლესობისგან განსხვავებით, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის რისკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.