პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდიატი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზე, ოკუპაციაზე, მოძმე აფხაზეთსა და ეკლესიაზე.
ზურაბიშვილის განმარტებით გარკვეული ძალები მის განცხადებებს მიზნმიმართულად ამახინჯებენ.
გთავაზობთ, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მთავარ მესიჯებს:
„მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია დავიწყე, ჩემი მისამართით ცრუ ბრალდებები ისმის. ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. იგი მარტო ჩვენ არ გვეხება, მარტო ჩვენთან არ ხდება. ყველამ კარგად იცის, რომ ამერიკაში, ამერიკულ არჩევნებში რუსეთმა ეს მეთოდი გამოიყენა და ახლა ამ მიმართულებით გამოძიება მომდინარეობს. ჩვენ, პატარა ქვეყანა ვფიქრობთ, რომ არ მუშაობს რუსეთი ჩვენს არჩევნებზე? უშუალოდ მუშაობს და ამ ცრუ ცნობების გავრცელების მიზანია, დამაპირისპირონ ყველასთან. ეკლესიასთან, თითქოს მე სადმე ვთქვი, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე კი, პირიქით განვაცხადე, რომ საინფორმაციო კამპანიას ჩავუდგებოდი სათავეში. როგორც ვიცით, პატრიარქმა გააკეთა განცხადება და ეს იყო ყველაფერი. მავანნი ცდილობენ, დამაპირისპირონ იმ პატრიოტებთან, რომლებიც ფიქრობენ ისე, როგორც მე, ჩემი ოჯახი და მთელი ემიგრაცია,- რომ რუსეთი, არის მუდმივი აგრესორი ამ ქვეყნის, მათ შორის 2008 წელს. რუსეთი ოკუპანტია და ეს გადახედვას არ ექვემდებარება. ასევე ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს უნდათ, რომ დამაპირისპირონ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან. სამეგრელოში წამოსვლისას უამრავი ადამიანი და ახლობელი მირეკავდა კითხვით, ნუთუ შენ დაწერე ის, რასაც ავრცელებენო? არა, მე მსგავსი არაფერი არ დამიწერია, ეს კიდევ ერთი ცრუ ცნობაა . მე რომ არ დამიწერია, შემიძლია დავამტკიცო იმით, რომ იმ პერიოდში, როცა ამის დაწერას მაბრალებენ, საფრანგეთის დესპანი ვიყავი და ვინც იცის დიპლომატიის წესები, მისთვის ნათელია, რომ ამ დროს, მე არ მქონდა უფლება რამე დამეწერა რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკის შესახებ.ეს რომ გამეკეთებინა , მერწმუნეთ, არ ვიქნებოდი ამ ქვეყანაში საფრანგეთის მიერ ელჩად დანიშნული. მე, არასდროს ვყოფილვარ არც ერთ ქვეყანაში გადატრიალების მომხრე. მაშინ, როდესაც იპოდრომზე გამოვედი და შემდგომ ქუჩაში, 100 დღე თქვენთან ერთად ვიდექი, შეგიძლიათ ამ პერიოდიდან ამოიღოთ ფირები და ნახავთ, რომ ჩემი ლოზუნგი იყო არა გადატრიალებას და არა გარიგებას. ქვეყნისთვის და მეტადრე ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, გადატრიალებასა და ერთმანეთთან დაპირისპირებას კარგი არაფერი მოაქვს. კითხვაზე, თუ რას ვფიქრობ ზვიად გამსახურდიაზე, ერთადერთი რამ უნდა ვთქვა და გავიმეორო, რომ ის პრეზიდენტი, რომელმაც აიღო თავის თავზე რეფერენდუმის ორგანიზება, პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ჩემთვის ყოველთვის იქნება პატივსაცემი.
კიდევ ერთ ცრუ ბრალდებას მინდა გამოვეხმაურო, რაც აფხაზეთს ეხება და აქაც გავიმეორო, რომ აფხაზეთი არის სამეგრელოს მეზობელი, ანაკლიასთან მეზობლად არსებული და მინდა რომ აქ, ამ ადგილას, სადაც ეს კულტურა იყო ესოდენ ძლიერი, გავხსნათ იპოდრომი. თურმე ამით გავხდი მოღალატე, თურმე ამით ვაღიარე არ ვიცი რა. სამწუხაროდ, ამ ცრუ ცნობასაც ავრცელებენ“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სიტყვით გამოსვლისას შეეხო აფხაზეთის საკითხს.
„დღევანდელ, ძალიან რთულ სიტუაციაში, აფხაზეთის ენის, კულტურის, იდენტობის, ერთადერთი დამცველი ჩვენ ვართ. თვითონ აღარ აქვთ ამის საშუალება და რუსეთი , რაც უფრო მძლავრად იკიდებს ფეხს ამ ტერიტორიაზე, აფხაზების ენაც იკარგება და იდენტობაც. პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის დამცველს, კონსტიტუციით ევალება, დაიცვას აფხაზური ენა და ამას აუცილებლად გავაკეთებ, გამოვიყენებ ყველა საშუალებას. მათთან მისასვლელად ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ის არაჩვეულებრივი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მუშაობს, ალბათ ყველაზე ეფექტური ბერკეტია, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ სხვა გზებიც აუცილებლად უნდა გამოვნახოთ. აღსანიშნავია სოფელ რუხთან, საავადმყოფოს აშენება . ეს ძალიან სწორი ნაბიჯია და სწორედ ასეთი, არაერთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას აფხაზეთისკენ, მის დასაბრუნებლად. დაბრუნება არ მოხდება ძალადობით. დაბრუნება მოხდება სიყვარულით, დიპლომატიით, მშვიდობიანი გზით”, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.