რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმების ახალ ეტაპისთვის ემზადება. ამის შესახებ უწყების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ 1tv.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ახალი ხედვა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას – თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოებას, ადგილებზე მეტი ფინანსური რესურსების მობილიზებასა და მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულების უმაღლესი სტანდარტის დანერგვას.
მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება შეხვედრა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც სამინისტრო ახალ ხედვას წარმოადგენს.
„პირველ რიგში გეტყვით, რომ 2014 წელს მიღებული კოდექსის სახით, ჩვენ უკვე გვაქვს თვითმმართველობის მუშა სისტემა. დროის ახალი გამოწვევების შესაბამისად, ამ ეტაპზე საჭიროა შემდგომი წინსვლა ამ სფეროში. უახლოეს პერიოდში იგეგმება შეხვედრა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასევე მოწვეული იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ შეხვედრაზე წარმოვადგენთ ახალ ხედვას, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ესაა – თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება, ადგილებზე მეტი ფინანსური რესურსების მობილიზება და მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულების უმაღლესი სტანდარტის დანერგვა“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საბოლოო სახით დოკუმენტი მხოლოდ საჯარო განხილვებისა და დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბდება.
რაც შეეხება რეფორმის პირველ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც წინა წელს 14 მუნიციპალიტეტში მოხდა ტერიტორიული ოპტიმიზაცია, ზურაბ ალავიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანას დიდი ბიუროკრატია არ სჭირდება და მოქალაქეების კეთილდღეობის ასამაღლებლად კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების გაკეთებაა აუცილებელია და ეს უალტერნატივოა.