„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, გაიმართა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.
განცხადების მიხედვით, კანდიდატურებს შორისაა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედაა წარდგენილი. თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილი, ხოლო მოადგილედ კობა ლურსმანიშვილი.
“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების სია გამოაქვეყნა, გარდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენი კანდიდატურებისა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება.