როდის ექნება ზუგდიდს დაპირებული საცურაო აუზები

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელს საცურაო აუზის პროექტზე დაიწყო მუშაობა. საუბარია ე.წ. კომბინატის დასახლებაში არსებულ კომპლექსზე, რომელიც წლების წინ ფუნქციონირებდა და რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება.

“Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, 2016 წელს საცურაო კომპლექსის რებილიტაციის პროექტი შემუშავდა, რომელიც დაახლოებით, 35 ათასი ლარი დაჯდა, თუმცა მასში არსებული ხარვეზების გამო აღნიშნული პროექტი ჩავარდა. ჩვენი წყაროს ცნობით, დაიწყო ახალი პროექტის შედგენა, რომელიც სავარაუდოდ, წელს უნდა დასრულდეს, თუმცა რეაბილიტაციის დაწყების თარიღი უცნობია.

დეტალების გასარკვევად “Newsportal.ge” ზუგდიდის მერიას დაუკავშირდა. უწყების ადმინისტრაციაში, მერზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ “ამ ეტაპზე მიმდინარეობს საცურაო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის დამუშავება და სხვა სიახლეები არ არის”. მერიაში ვერ აკონკრეტებენ, რა ვადაში დასრულდება პროექტი და როდის დაიწყება რეალურად სამუშაოები.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერის სპორტკომპლექსის რეაბილიტაციას გულისხმობდა, ზუგდიდის გამგეობის გასული წლის პრიორიტეტებს შორის ნომერ 1 იყო. ინიციატივა დეპუტატ ედიშერ თოლორაიას ეკუთვნის, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ზუგდიდის გამგებელი გახლდათ. ინიციატივა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ზედაეწერის სპორტკომპლექსის სრული რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო, რის შედეგადაც მოეწყობოდა საფეხბურთო მოედნები, სხვადასხვა სახეობის სპორტული დარბაზები და მათ შორის საცურაო აუზი.

ამ საკითხზე “Newsportal.ge” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ სპორტკომპლექსის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა კონკრეტულ ვადებზე ვერც გამგეობაში საუბრობენ.

“სპორტკომპლექსის საკითხი დღის წესრიგშია. ამ ეტაპზე ექსპერტიზით დასადგენია კონსტრუქციის მდგრადობა, ამის შემდეგ დაიწყება კონკრეტული დაპროექტების სამუშაოები. ამ ეტაპზე დასადგენია გამოდგება თუ არა ძველი შენობა, თუ ახლის მშენებლობასთან გვექნება საქმე”, – აცხადებენ გამგეობაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი