რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად  საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.

რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე.

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით, კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.  რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ (ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ) აღიარა, თუმცა მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და აღიარება უკან წაიღეს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი