საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ რაც უნდა ჩუმად იყოს საქართველოს ხელისუფლება, რუსეთი თავის გეგმას მაინც განახორციელებს.
“ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა.
ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე.
არა მგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა.
დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგეს, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ.
სხვათა შორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ“, – წერს სააკაშვილი.