რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში შიმშილს იარაღად იყენებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ირლანდიის პარლამენტს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას სთხოვს.

„თქვენ ყოყმანის გარეშე დაუყოვნებლივ დაიწყეთ ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური ქვეყანა ხართ, არ დარჩენილხართ ნეიტრალური იმ უბედურების მიმართ, რაც რუსეთმა უკრაინას მოუტანა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისთვის ირლანდიის თითოეული მოქალაქის მიმართ მადლიერია და მოუწოდა ირლანდიის პოლიტიკურ ლიდერებს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის სხვა ქვეყნები, კიდევ უფრო მკაცრი სანქციები შემოიღონ რუსული ომის მანქანის შესაჩერებლად.

“დღეს, როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება დავარწმუნოთ ზოგიერთი ევროპული კომპანია, რომ მიატოვოს რუსული ბაზრები. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება დავარწმუნოთ ევროპა, რომ რუსულმა ნავთობმა არ შეიძლება დაფინანსების ახალი წყაროებით რუსული სამხედრო მანქანა ასაზრდოოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში შიმშილს იარაღად იყენებს.

„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში შიმშილს იარაღად იყენებს. მათთვის შიმშილი არის იარაღი ჩვენს წინააღმდეგ, უბრალო ადამიანების წინააღმდეგ, როგორც დომინირების ინსტრუმენტი. ისინი ანადგურებენ ნივთებს, რაც ხალხს უნარჩუნებს საარსებო წყაროს. მათ ასევე დაბლოკეს ჩვენი ყველა საზღვაო პორტი და გემები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო ტვირთი ექსპორტისთვის. უკრაინა არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა სურსათის ექსპორტის კუთხით. იქნება საკვების დეფიციტი და ფასები გაიზრდება და ეს რეალობაა მილიონობით ადამიანისთვის, ვინც შიმშილობს და მათთვის კიდევ უფრო რთული იქნება ოჯახების გამოკვება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი