ივანიშვილის თოჯინა კობახიძე… – სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერის ღია წერილს ეხმაურება, რომელიც ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიწერა.

“ივანიშვილის თოჯინა კობახიძეს თურმე არ ესმის, ამერიკა რატომ არ იხუტებს გულში მის ვითომ მთავრობას და რატომ არ უხსნის სანქციებს.

მინდა ყველას შევახსენო – ეს ის ხალხია ვინც მოკლა ტრამპ ტაუერის გრანდიოზული პროექტი ბათუმში და ტრამპს “აფერისტი” უწოდა.

ეს ის ბანდაა, რომელთაც შეაჩერეს ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა და ასობით ათას ქართველ ბავშვს წაართვეს ენის სწავლის საშუალება.

ეს ის ხროვაა ვინც ამერიკელები გააძევა ანაკლიის პორტიდან და მათ ნაცვლად ჩინელები შემოიყვანა.

ეს ის მანქურთებია რომელთაც საქართველოში რუსეთის შემოჭრაში ის ამერიკელები დაადანაშაულეს, რომელთაც ფაქტობრივად გადაარჩინეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა 2008-ში და მე მიპირებენ გასამართლებას ამერიკის აგენტობისთვის.

ეს ის ავადმყოფთა ჯგუფია რომლებიც მთელს საქართველოს სულელებად თვლიან და ამერიკის ფინანსურ დახმარებას, რომელმაც დევნილების სახლები აუშენა, საქართველო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან დაიცვა და რუსეთს არ მისცა მაშინ შესაძლებლობა ბოლომდე ჩავეყლაპეთ, უწოდებს – სააკაშვილის გადასარჩენად გამოყოფილ ფულს.

ეს ის მოღალატეებია, რომლებიც ამერიკის დაუძინებელ მტრებს რუსეთს, ჩინეთს და ირანს ყველა სურვილს უსრულებენ.

ეს ის დიქტატურაა რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის დონალდ ტრამპის ერთადერთ პირად მეგობარს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ციხეში უსამართლოდ ანადგურებს, ხოლო ასობით ათასი ქართველი მექსიკის საზღვრით შერეკეს ამერიკაში და კიდევ უტიფრობა ჰყოფნით, ამერიკა იქით დაადანაშაულონ.

დიქტატურა აუცილებლად დაემხობა, საქართველო იქნება თავისუფალი და იქნება როგორც ჩემს დროს იყო – ამერიკის მთავარი მეგობარი!”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი