სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს და მოუწოდებს, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მომავლისკენ გაიხედონ.

„მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა. ოლიგარქი, როგორც ყოველთვის, იტყუება. ახალი ხელისუფლების პირობებში არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, უფრო მეტიც, თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად უფრო პრესტიჟული გახდება, ეს ეხება პოლიციელებს, სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობების, ააიპ/სსიპ-ის მუშაკებს, პედაგოგებს. ერთადერთი პირობა იქნება, არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულოთ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში, არ დაღვაროთ სისხლი, არ შეასრულოთ ძალადობრივი, უკანონო ბრძანებები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელიწადზე მეტია, რუსეთის უკანონო ტყვე ვარ საქართველოში, მეც კი არ გავბოროტებულვარ, პირიქით, თანაგრძნობაც კი გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მთელი ეს დრო ჩემს მიმართ არაადამიანური, უკანონო ბრძანებების შესრულება უხდებოდა. 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველამ მომავალში უნდა გავიხედოთ და შევწყვიტოთ წარსულის ქექვა. ამ გადასვლაში თითოეული საჯარო მოხელის მონაწილეობა გადამწყვეტია!“, – ნათქვამია მიმართავში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი