საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება

საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში 2018 წლის 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გასტანს.

ზაფხულის არდადეგები კი 15 ივნისს დაიწყება და 17 სექტემბერამდე გასტანს. რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. ამ შემთხვევაში განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დასრულდება აღნიშნულ თარიღამდე ბოლო სამუშაო დღეს. მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს.

სწავლის დასრულების ზემო აღნიშნული თარიღები, უქმე დღეების გათვალისწინებით, წელს ასე გამოიყურება: პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2018 წლის 25 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის – 2018 წლის 18 მაისს.

როგორც ცნობილია, ახალი სასწავლო წლის დაწყებაც ბრძანებით არის განსაზღვრული და ყოველწლიურად ახალი სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს იწყება. თუმცა კანონით ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს. შესაბამისად, 2018-2019 სასწავლო, წელი 2018 წლის კალენდრის თანახმად, 17 სექტემბერს დაიწყება, ვინაიდან 15 და 16 სექტემბერი დასვენების დღეებს ემთხვევა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი