საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, „რუსები ხეირობენ“.
„მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და ამასთან, პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ ჩვენს ქუჩებში, ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს რესტორნებში. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც ამ ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრობენ. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, რუსები ხეირობენ, მაგრამ ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას; დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ.
რაც მთავარია, გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს.
26 მაისი ჩვენია! 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ 26 მაისს“, – განაცხადა მან.