საქართველოდან საფრანგეთში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის განხორციელებული ტრეფიკინგისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა. აღნიშნული პირები ქართული და ფრანგული მხარის ეფექტური თანამშრომლობის შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ექსტრადირებული პირები საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2024 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
„ფრანგული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ტანტრა იოგის“ საფარქვეშ მოქმედი ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა ტრეფიკინგი წარმოადგენდა, ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს, სულ მცირე, შვიდი პირის საფრანგეთის რესპუბლიკაში გადაყვანასა და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი.
2025 წლის 16 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.
საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოხატავს მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.