საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები განიხილეს

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საბჭოს წევრებმა განიხილეს 2015 – 2017 წლების სამოქმედო გეგმაში დამატებით ახალი პროექტების ასახვის და არსებული პროექტების კორექტირების საკითხები.  სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები საბჭომ ერთხმად მოიწონა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები საკონსულტაციო საბჭოს წევრებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

სამოქმედო გეგმაში ცვლილებები რეგიონის სამ მუნიციპალიტეტს: მესტიას, აბაშას და ხობს შეეხო.

სამოქმედო გეგმის პროექტების ნუსხას აბაშის მუნიციპალიტეტიდან სოფელ თხმელარში ასფალტო-ბეტონის გზის პროექტი დაემატა, რომლის თანხაც 403 101 ლარია.

სამოქმედო გეგმას მესტიის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის მესტიის ოფისის მშენებლობის პროექტი შევიდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 142 655 ლარს შეადგენს. საბჭომ, საჭიროდ ჩათვალა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გაზრდილი ტურისტული ნაკადის და სამაშველო სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული სახის ობიექტის მშენებლობა.

სამოქმედო გეგმას, ხობის მუნიციპალიტეტიდან ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საბაჟოს სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის და სოფელ ხამისქურში სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტები დაემატა. ორივე სოფელში გზა ავარიული იყო.

საბჭოს სხდომის დარსულების შემდეგ გუბერნატორმა, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მიმართა:

,,რეგიონში უხვი ნალექია, ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, რომ დულად მოხდეს პრობლემურ ადგილებში შესაბამისი სამსახურების გასხვა, როცა საჭიროა ჩვენი ჩართვა მოგვმართეთ და რეაგირება იქნება დროული. რაც შეეხება პროექტებს მაქსიმალურად ხარისხიანად უნდა გაკეთდეს, ამისთვის საჭიროა თქვენი მუდმივი მონიტორინგი, თავზე დაადექით სამუშაოების შემსრულებლებს, რათა თითოეული თეთრი რასაც ვხარჯავთ მიმართული იყოს ხარისხიანი სამუშაოების შესრულებისთვის.”

ლევან შონიამ დღესვე განაცხადა, რომ ,,მიმდინარე წლის აგვისტოში, მუნიციპალური განვითრების ფონდი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს. მიმდინარე წელს ასევე გამოცხადდება ტენდერი ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზის მშენებლობისთვის, ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც რეგიონს მეტ ტურისტს და შესაბამისად მეტ შემოსავას მოუტანს” – განმარტა გუბერნატორმა.

 

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი