სალომე ზურაბიშვილი – არავისთან ვყოფილვარ გარიგებაში, როცა სააკაშვილთან მქონდა გარკვეული წინააღმდეგობა, გზები გაიყარა, თუმცა ვიყავი ასევე მისი მოყვანილი

ვინც დღეს ამბობს, რომ შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი, არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ იმდენად დამოუკიდებელი ვარ, რომ ალბათ „ქართული ოცნებაც“ ვერ მმართავს, – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „დებატები 2018“-ის წამყვანის კითხვას, რამდენად შეძლებს, იყოს ზეპარტიული პრეზიდენტი იმ ფონზე, როცა ხელისუფლების მიერ არის მხარდაჭერილი.

„ვარ დამოუკიდებელი და ვინც დღეს ამბობს, რომ შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი, არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ იმდენად დამოუკიდებელი და უმართავი ვარ, რომ ალბათ ვერავინ მმართავს, თუნდაც „ქართული ოცნება“. ჩემი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ხელისუფლებას ჩემთვის მხარი არ უნდა დაეჭირა.

მე დავიბადე დამოუკიდებელი, ვიყავი დამოუკიდებელი ყველა ჩემს ფუნქციაში, რომელსაც ვასრულებდი, თუნდაც ბოლოს, როცა ვიყავი დამოუკიდებელი პარლამენტარი. ასევე როცა მქონდა ჩემი პარტია.

მე მგონი, კარგად მესმის, რას ნიშნავს ზეპარტიულობა. მე დღეს არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, ვარ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ არ ვარ ვინმეს კუთვნილება. მიმაჩნია, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი საინტერესოა იმ მხრივ, რომ მას აქვს ძალაუფლების ნაკლები ბერკეტები, მაგრამ საზოგადოებრივი კუთხით აქვს უფრო ბევრი სფერო. ამიტომ ვთქვი, რომ ეს პრეზიდენტი იქნება საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოებრივ პრობლემებზე მომუშავე. ახალი პრეზიდენტი ნაკლებად იქნება ჩართული პარტიულ პოლიტიკასა და იმ დაპირისპირებაში, რომელიც არ ვიცი, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ეს ნაკლებად არის ჩემი საქმე. ესენი დღეს ამბობენ, მე ვამბობ პირველი დღიდან, ამიტომ შევთავაზე ღია და ევროპული კამპანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„დებატები 2018“-ის წამყვანის კითხვაზე, რა არის ის იდეალი, რის გამოც შესაძლოა, ხელისუფლებას დაუპირისპირდეს, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს შეიძლება იყოს ყველა ის პრინციპი, რომელიც ეხება დემოკრატიას და საქართველოს მთავარ ორიენტირებს.

„ეს შეიძლება იყოს ბევრი პრინციპი, მათ შორის ის წითელი ხაზები, რომლითაც მოვდივარ ჩემი წარსულიდან გამომდინარე. ესენია მთელი რიგი პრინციპები, რომლებიც ეხება დემოკრატიას, ძირითად უფლებებს, საქართველოს მთავარ ორიენტაციებს, ეს არის ყველაფერი, რაც არასდროს დამითმია და, რასაც არ დავთმობ დღეს და ხვალაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ არსებობს საფუძველი, პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან ის ყველაზე კომფორტული იქნება ხელისუფლებისთვის, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, სხვა კანდიდატები უფრო კომფორტული ყოფილიყვნენ მთავრობისთვის.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ 25 კანდიდატიდან ვინმე ბევრად უფრო კომფორტული არ იქნებოდა, ჩვენ ვიცით ამ ადამიანების წარსული. მე ვარ ალბათ ის ადამიანი, რომელიც ეკუთვნოდა მხოლოდ თავის პარტიას, არავისთან არ ვყოფილვარ გარიგებაში, როცა სააკაშვილთან მქონდა გარკვეული წინააღმდეგობა, გზები გაიყარა, თუმცა ვიყავი ასევე მისი მოყვანილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი