მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილიპრეზიდენტისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ისრაელიდან ჩამოსული პიარკონსულტანტის მიმართ ანტისემიტური შინაარსის არის.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ასეთი გამოთქმები ანტისემიტურ გამოთქმებში ჯდება, რაც საქართველოს არასოდეს ახასიათებდა. საქართველო მსოფლიოში ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ აქ ანტისემიტიზმი არასდროს არსებობდა. ეს არის საქართველოს, ქართულიღირსების, ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტ მოშე კლუგჰაფტს „ებრაელი აფერისტი“ უწოდა.
„ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ახლა ეს ჩამოიყვანა ივანიშვილმა საქართველოში სრული ბედნიერებისთვის, ჩვენი მოქალაქეების უბედურების ხარჯზე, ფულის გასაკეთებლად. აი, ამ ისრაელელი აფერისტის – „შავი პიარის სპეციალისტის“, რომლის სახელია მოშე, იმედი აქვს ივანიშვილს“,- დაწერა სოციალური ქსელით მიხეილ სააკაშვილმა.