სამეგრელოში ფაროსანასთან დაკავშირებით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  4 რეგიონის – სამეგრელო, გურია, იმერეთი, აჭარის ა/რ, ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადენლებსა  და ფერმერებს შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ლევან დავითაშვილმა იმ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხორციელდება, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა.
„ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად ახალი ტექნიკა შევიძინეთ. წელს 150 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა გვაქვს მობილიზებული. საველე ღონისძიებებს ჩავატარებთ მონიტორინგის შესაბამისად. აქ ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რას აკეთებს სახელმწიფო და რას აკეთებს მოსახლეობა, იმიტომ, რომ ეს კითხვა ხშირად ისმის. სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიებს ჩვენ დავამუშავებთ; რაც შეეხება უკვე უშუალოდ მოსახლეობას, აქ ჩვენ შევდივართ სპეციალური ტექნიკით; თერმონისლით ვამუშავებთ ორღობეებს, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიებს და ისეთ ნაკვეთებს, სადაც შეგვიძლია პოპულაცია მაქსიმალურად შევამციროთ. თუ მოსახლეობა მობილიზებული იქნება და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებს მიხედავენ, ჩვენ, ფაქტობრივად, შევძლებთ მოსავლის დაცვას. ჩვენ მოგვიწევს მავნებელთან რამდენიმეწლიანი ბრძოლა, თუმცა მისი პოპულაციის კონტროლი მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ რეგიონში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი