სამეგრელოში გრანტი 70 დევნილს გადაეცა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად სამეგრელოს რეგიონში გრანტი  70 დევნილს გადასცა.

დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დევნილისთვის დაფინანსებული დაფნის საწარმო დაათვალიერეს.

აფხაზეთიდან დევნილმა ბესიკ ხუნწარიამ, გრანტის საშუალებით, დაფნის გადამამუშავებელი საწარმო აამუშავა და 10 ადგილობრივი დაასაქმა. დაფნის გადამუშავებისა და რეალიზაციის პარალელურად კი, სოფელ ხეთაში მაღაზია და თონე გახსნა.

საგრანტო პროგრამა ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი