სამეგრელოში წინარე ანტიკური ხანის კოლხური დოქი აღმოაჩინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 250 მეტრის დაშორებით, მდინარე ენგურის სანაპიროსთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მთლიანად დაცული კერამიკული ნაწარმი, რომელიც აშკარად სიძველის ნიშნებს ატარებდა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კერამიკული ნაწარმი მდინარის მიერ არის ჩამოტანილი და კულტურულ ფენაში (სტრატიგრაფიულ ჭრილში) არ გვხდება, მისი ტიპოლოგიური ანალიზის საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს ქრონოლოგიური ასაკი და ის წარმოადგენს წინარე ანტიკური ხანის (ძვ. წ. მერვე – მეშვიდე ს. ს.) კოლხური თიხის დოქს. დოქი ყავისფერკეციანია, ქასრანარევი, ტანი სფეროსებრია, მხრებში გამოყვანილია და შემკულია ორმაგი ყურით. ტუჩის პირი ზედაპირისკენ სიმეტრიულად ფართოვდება. დოქის სიმაღლე 15 სმ.-ია, ტანის მაქსიმალური სიფართე 12 სმ.-ია.

“საინტერესოა, რომ დოქი თავის დროზე შემკული ყოფილა ორნამენტებით, მაგრამ გარემო-პირობების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ამჟამად თითქმის წაშლილია. აღნიშნული კოლხური თიხის დოქი, შემდგომი ექსპოზიციის მიზნით, გადაეცემა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის არქეოლოგიის ფონდს”, – განმარტავენ უწყებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი