სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით განთავსება აპრობირებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში და დღეიდან უკვე შესაძლებელია საქართველოშიც.

„ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებისა და პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სასაკლაოების პერსონალს ჩაუტარდა სწავლებები.

მოქმედი კანონმდებლობით, ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება „QR“ კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი.

ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესს, ხოლო 2017 წლიდან, FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ცხოველთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის და მონაცემთა ერთიანი ბაზის დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო აღრიცხვიანობის და მიკვლევადობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი