სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ იმეორებს ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა – პრემიერი

სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა. იმედი მაქვს, ის უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მინდა ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო სუვერენული სახელმწიფოა და დამოუკიდებელი ქვეყანა. მეორე და მთავარი – ჩვენი ქვეყანა იმართება კანონებით და კონსტიტუციით. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენ უმაღლესი თანამდებობის პირებმა კანონის ზედმიწევნით შესრულების და კონსტიტუციის დაცვის მაგალითი უნდა მივცეთ ყველას. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ხსენებულ ვოიაჟს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალურ მომართვაზე, რაც პრეზიდენტისგან მივიღე, ხელი მოვაწერე, ყველა მისი თხოვნა და მოთხოვნა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო. გასაკვირია ის ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომე ბრიუსელიდან გააკეთა. კითხვას ვუსვამ ყველას – თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი? რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუმარტო მოქალაქეებს, რომ დღეის მდგომარეობით სხვა მომართვა, სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა. კითხვას რომ მისვამთ [მოიტყუა თუ არა პრეზიდენტმა] ანუ რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე მტკიცებულებებით გეუბნებით, რომ არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა – ყველა დავუკმაყოფილეთ. სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა იმედი მაქვს, ის უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის თქმით, მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტებზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი