საპენსიო სესხის პროცენტი, სავარაუდოდ, 10%-ით შემცირდება

სესხები პენსიონერებისთვის სავარაუდოდ შემცირდება საშუალოდ 10%-ით, დაწესდება ზედა ზღვარი და ეს იქნება 25-26%, იმ შემთხვევაში თუ პენსიონერები გადაწყვეტენ სესხის აღებას.

გარდა ამისა, თანადაფინანსებით შემოდის სახელმწიფო და სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 მილიონი ლარი გამოიყოფა, რათა ბანკმა უზრუნველყოს თანხების მიწოდება პენსიონერებისთვის.

საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც კანონპროექტის ავტორები, საფინანსო დარგის ექსპერტები და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ჩვენ მივაღწიეთ და დავამტკიცეთ ის, რომ შესაძლებელი ყოფილა სესხის პროცენტის გაცემა. ასევე, პენსიონერი აღარ გადაიხდის პენსიის დარიგების ფულს, ეს ფული უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ. გარდა ამისა, გამოცხადდება კონკურსი, სადაც მე ვთხოვ ყველა ბანკს მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში და ვფიქრობ, რომ სესხის პროცენტი კიდევ უფრო დაიწევს,” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საპენსიო სესხების საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შედეგებსა და პირობებზე ისაუბრა.

„ჩემი გუნდი და მათ შორის ოპოზიციაც იღვწოდა, რომ პროცენტი დაწეულიყო. დაახლოებით 26 პროცენტის ფარგლებში არის ეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პენსიონერებს იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის აღება სხვა ბანკში, აქვთ ამის შესაძლებლობა და ეს იყო ხელშეკრულებაშიც. ეს პოპულიზმი მაინც ვერ მოიშალა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა. ხელშეკრულებაში დავტოვეთ, რომ საკომისიოების გარეშე მოხდება თანხების გატანა-გამოტანა, გადარიცხვა, მათ შორის ოვარდრაფტის ნაწილშიც ესეც 26 პროცენტის ფარგლებში იქნება.

ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ პირს სხვა ბანკში თუ მოუნდება პენსიის აღება, შეუძლია, განცხადება დაწეროს ლიბერთი ბანკში და ჩაურიცხავენ სხვა ბანკში უპრობლემოდ. 6 თვის შემდეგ შეუძლიათ ისევ გააგრძელონ“, – განაცხადა ზარქუამ.

“15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პენსიების დარიგებაში იმ პოტენციურად გამარჯვებულ ბანკს, რაც მთავარია, პროცენტმა დაიწია და დაახლოებით 26%-ის ფარგლებშია,” – აღნიშნა მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი