სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარე ტებენეს ხეობაში არსებული ვითარება შეისწავლეს და ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიგო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა.
სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის, Საფრთხის დონე დაბალია.
მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა, მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია წალენჯიხის მერიამ გაავრცელა.