საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის მიმართ სანქციებში – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.

„გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. მე როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კიევში ჩასვლას არ აპირებს.

მისივე თქმით, უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია.

„იმის დემონსტრირება თუ გინდათ, მაშინ იყო ჩამოსული… სოლიდარობა ჩვენ, ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია გამოვხტოთ ისე, როგორც მოგახსენეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, არა! მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე და არათუ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რომელიც უკრაინაში ხდება, როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი, ამიტომ ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი