საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში, კუბის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ კალანდია დაინიშნა. იგი 2005 წლიდან  მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2018-2023 წლებში არჩილ კალანდია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. არჩილ კალანდიას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად შოთა გეწაძე დაინიშნა. მას სასამართლო სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი ასევე  გახლავთ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ექსპერტი ლტოლვილთა და თავშესაფრის საკითხებში, ევროპის საბჭოს ექსპერტი საარჩევნო სამართალში. 2015 წლიდან დღემდე არის ლტოლვილთა სასამართლოს მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

კუბის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გრიგოლ ბარამიძე დაინიშნა. მას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი