ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი, მიმდინარე კვირაში, საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს უხელმძღვანელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესმენი ქეითლი რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.
დელეგაცია აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში შეხვდება, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.
„ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად,”- განაცხადა სენატორმა კუნსმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული კოვიდ-19 პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე.
„ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას,”- განაცხადა კუნსმა.
ამასთან, სენატორი პიტერსის განცხადებით, რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაარწმუნა ამერიკა ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში.
„ტრანსატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა,” – განაცხადა სენატორმა პიტერსმა.
როგორც კიდევ ერთი სენატორი კეისი აცხადებს, პუტინს შეიძლება ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია.
„იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე,” – თქვა სენატორმა კეისიმ და დასძინა, რომ ის მოუთმენლად ელის მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გაგრძელდეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა.
დელეგაციის ერთ-ერთი წევრის კონკრესვუმენის რაისის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვან დელეგაციაში მონაწილეობის მიღება, რათა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ამ არეულობის ფონზე.
„საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველი იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად,” – აღნიშნა მან.
რაც შეეხება კონგრესმენ სისილინის პოზიციას, მისი თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიო მასშტაბით.
„ამ ვიზიტის მეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით. მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრებს და იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი მომავლის მშენებლობის გაგრძელება, კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის ფონზე,“- აღნიშნა მან.
დელეგაციის კიდევ ერთი წევრის კონგრესვუმენის მერფის განცხადებით, პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების გავლა.
„ვაჩვენოთ ერთიანობა და განვამტკიცოთ ურთიერთობები. ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში, და საქართველოში – ნატო-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველი დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად,“- აღნიშნა მერფიმ.