საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება – თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა ოთხი ერთზე იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი