საქართველოში “ომიკრონის” 24 შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის “ომიკრონ“ ვარიანტის 24 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მან სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ომიკრონი”, ძირითადად, 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება.

“ომიკრონთან” დაკავშირებით რაც ვიცით, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტი მონაცემი გაჩნდა მისი სწრაფი გავრცელების თაობაზე, მას შეუძლია ძალიან სწრაფად მოიცვას დიდი რაოდენობით მოსახლეობა, რაც ქმნის, გარკვეულწილად, იმ მთავარ რისკს, რაც უკავშირდება ამ შტამს. თითქოსდა, შემოკლებულია ინკუბაციური პერიოდი 3 დღემდე, თუ ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით 14 დღეზე, ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს გადადება და მალევე გამოჩნდეს ნიშნები დაავადების.

უფრო მეტად ფოკუსირდება 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვებშიც შესაძლებელია მისი გავრცელება. ჯერჯერობით, უპირატესად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებია, თუმცა, აქაც გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და, შესაძლებელია, დადგეს არასახარბიელო გამოსავალიც,”-აცხადებს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, ომიკრონი პირველად საქართველოში 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი