ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება.
მისი თქმით, საქართველო გაერთიანებულია „კოვაქს“ პლატფორმაში, სადაც შესაძლებელია, პირველი ეტაპისთვის მიიღოს „ფაიზერის“ ვაქცინა.
„თქვენ იცით, რომ გაერთიანებული ვართ „კოვაქს“ პლატფორმაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ „ფაიზერის“ ვაქცინა. ამ პლატფორმიდან ჩვენ მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა გაიგზავნოს საპასუხო წერილი სამინისტროს მხრიდან, სადაც მათ დეტალურად უნდა გავცეთ პასუხი, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში იმისთვის, რომ ვაქცინის შემოტანა მოხდეს. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის 1-ელი კვარტალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დოკუმენტი მათ დააკმაყოფილებს და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვაქცინაცია მივიღოთ“,-განაცხადა ტიკარაძემ.