თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.
როგორც მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ განმარტა, საქმეში არ გამოკვეთილა ახალი გარემოებები, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა, შესაბამისად, ბრალდებული პატიმრობაში რჩება.
რაც შეეხება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვას, სხდომის დასაწყისში ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ ის დღეს ვერ დაიცავდა ოქრუაშვილის ინტერესებს და სურდა პროცესის გადადება, ამ განცხადების შემდეგ მან დარბაზი დატოვა. ვინაიდან სხდომას თავად ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ, მოსამართლემ პროცესი გადადო და მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი დღეს ვერ განიხილეს.
სხდომა 10 თებერვალს, 11:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი 19 ნოემბერს წაუყენეს.