დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ სტიქიურ პროცესებზე ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება ხორციელდება.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.
“სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრი 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და კავშირზეა ყველა დაზარალებული ტერიტორიული ერთეულის თვითმმართველობის ორგანოსთან და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთან. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება სტიქიური პროცესების ანალიზი და აუცილებელი რესურსების მობილიზება.
8-9 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სოფლები. კერძოდ, წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, მათ შორის მწყობრიდან გამოვიდა საკომუნიკაციო სისტემები, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ადგილობრივი თვითმმართველობის, სამაშველო სამსახურების და პოლიციის კოორდინირებული ქმედებების შედეგად განხორციელდა რამდენიმე ათეული ოჯახის ევაკუაცია. ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს”, – ნათქვამია განცხადებაში.